ფედერალისტების წერილების კითხვის საღამოები
ალექსანდრე ჰამილტონის, ჯეიმს მედისონისა და ჯონ ჯეის 85 სტატია, რომელიც 1787 წლის ოქტომბრიდან 1788 წლის აგვისტოს ჩათვლით გამოქვეყნდა, ფედარალისტური წერილების სახელითაა ცნობილი და დღესაც იპყრობს მკვლევარების ყურადღებას. ფედერალისტური წერილები აშშ კონსტიტუციონალიზმის საფუძვლად იქცა.
ფედერალისტური წერილების გამოქვეყნების მიზეზი რამდენიმეა: ერთი – მოსახლეობა უნდა დარწმუნებულიყო კონსტიტუციის რატიფიცირების აუცილებლობაში, მეორეც – წინასწარ უნდა განსაზღვრულიყო კონსტიტუციის ინტერპრეტაციისთვის სააზროვნო სივრცე.
ფედერალისტური წერილებით დასაბამი დაედო კონსტიტუციის უნიკალურ ხედვას. ისინი კვლავაც რჩებიან იმ ქმედით იარაღად, რომლის მეშვეობითაც თაობები შეძლებენ გაიგონ ამერიკის შეერთებული შტატების შექმნისა და განვითარების იდეური საფუძვლები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, გიწვევთ ფედერალისტების წერილების კითხვის საღამოებზე.
აქტივობის ფარგლებში, ყოველკვირეულად, მოეწყობა შეხვედრები, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ წერილებს, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები – მოაწყონ დისკუსიები, დებატები.
შეხვედრები გაიმართება ნოემბრის თვიდან, ყოველ პარასკევს.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. დაინტერესებულმა სტუდენტებმა მოგვწერეთ შემდეგ ელ.მისამართზე: conlaw@iliauni.edu.