იმიტირებული პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით
მიმდინარე წლის 9 ივნისს, 10:00 საათზე, ილიაუნის A409 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა იმიტირებული პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.
პროცესში, მოსამართლის სტატუსით, მონაწილეობას იღებდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა მეიშვილი – უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
ასევე მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები.
პროცესს, დამკვირვებლის სტატუსით, ესწრებოდნენ ამერიკელი მოსამართლეები:
ჯეიმს ბედიფორდი და ჯეკ პერტეინი.
მოსამართლე ბედიფორდი არაერთი ცნობილი საქმის განხილვას უძღვებოდა. მისი ხელმძღვანელობით წარიმართა ცნობილი კრემატორიუმების საქმე, „ატლანტის მკვლელის“ საქმე და სხვა. მოსამართლე ბედიფორდი უკვე 30 წელია რაც მოსამართლის ფუნქციებს ასრულებს და მისი პროცესები ხშირად შუქდება სასამართლო ტვ-ის მიერ.
მოსამართლე ჯეკ პერტეინს მდიდარი სამოსამართლო გამოცდილება აქვს და არაერთი ცნობილი საქმის მოსამართლე ყოფილა. მის შესახებ ხშირად წერენ ამერიკულ მედიაში და იცნობენ – როგორც ობიექტურ მოსამართლეს.
პროცესის დასრულების შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს მონაწილეებსა და დამსწრეებს, რის შემდეგაც შეხვედრა ფურშეტითა და არაფორმალური დისკუსიით გაგრძელდა.