ალიკა კუპრავა – “ახალი წესით პარტიულ პრეზიდენტს ვირჩევთ”
რა ვითარება გვექნებოდა, დღეს პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით რომ ვირჩევდეთ? გვეყოლებოდა ორი საპრეზიდენტო კანდიდატი. სარჩევნო კოლეგია სახელმწიფოს მეთაურად აირჩევდა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანდიდატს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას არც განუხილავს სახელმწიფოს მეთაურის არჩევის მოქმედი წესის შენარჩუნება. ერთადერთი, რასაც კომისიის საქმიანობაში ჩართული საექსპერტო და სამოქალაქო საზოგადოება „კომპრომისად“ თვლის, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარებაა. აქვე მოგახსენებთ, რომ ეს „კომპრომისი“ შესაძლოა მყიფე აღმოჩნდეს, ვინაიდან საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ საკითხზე ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და ამოქმედების ვადასთან დაკავშირებით სპეკულაციებს აგრძელებს. ამიტომ, შესაძლოა, უკვე 2018 წლიდან საქართველოს პრეზიდენტი, ხელისუფლების წყარომ – ხალხმა ვეღარ აირჩიოს.
რატომ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი ირიბი წესით? ამ კითხვაზე მმართველი უმრავლესობის პასუხი ფორმალურია და აფუძნებს საპარლამენტო სისტემის ლოგიკას, კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. საპარლამენტო ქვეყნებში სახელმწიფოს მეთაური საარბიტრო უფლებამოსილებით არის აღჭურვილი. ამ ფუნქციის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის არ იყოს ასოცირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. ირიბი წესით პრეზიდენტის არჩევა რამდენად უზრუნველყოფს პარტიული ვალდებულების და დისციპლინისაგან თავისუფალი სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტს, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
პარლამენტთან ერთად, სახელმწიფოს მეთაურს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები და პარტიების მიერ დასახელებული საკრებულოების წარმომადგენლები აირჩევენ. გაუგებარია, რატომ მონაწილეობს სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები მაშინ, როცა მსგავსი წესი უცნობია სხვა საპარლამენტო სისტემებისთვის. ამასთან, უცნობია რამდენი წევრი ეყოლება თითოეულ საკრებულოს საარჩევნო კოლეგიაში. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, საკრებულოების წარმომადგენელთა რაოდენობა ამომრჩეველთა პროპორციულად უნდა განისაზღვროს. ასეთ შემთხვევაში, ზოგიერთი საკრებულო კოლეგიაში საერთოდ არ იქნება წარმოდგენილი, ან საჭირო გახდება მუნიციპალიტეტების გაერთიანება.
კოლეგიის ფორმატში, პარლამენტის გარდა, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგბელობამ პრეზიდენტის ერთი პარტიის მიერ არჩევის შესაძლებლობა უნდა გამორიცხოს. შესაძლებელია თუ არა ამ საფრთხის თავიდან აცილება? ამ კითხვაზე პასუხი ცალსახად არის -არა! რატომ? პირველი მიზეზი შიდა პარტიული დემოკრატიის არარსებობაა. ყველა პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას, როგორც საპარლამენტო, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის ახდენს ერთი ადამიანი, ან, საუკეთესო შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღები ვიწრო ჯგუფი. მეორე მიზეზი ხარვეზიანი საარჩევნო სისტემაა, რომელიც არ ასახავს ამომრჩევლის განწყობას მანდატების გადანაწილებისას. ამას კი ემატება არაკონსენსუსუნარიანი პოლიტიკური გარემო, ხოლო არსებული სინამდვილე და წარსული გამოცდილებაა, რომ ყველა საკრებულოსა თუ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში არის იგივე ძალთა ბალანსი, რაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
პროექტში არსებული პრეზიდენტობის კანდიდატთა დასახელების წესი და საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობა ჩანასახშივე შეუძლებელს ხდის კანდიდატების დამოუკიდებლობას რომელიმე პოლიტიკური ძალისაგან. საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტში, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს არანაკლებ 30 ხმოსანს და სრულად გამორიცხავს საინიციატივო ჯგუფის მიერ მისი დასახელების შესაძლებლობას, რითაც ამომრჩევლებს, აქტიური საარჩევნო უფლების დაკარგვასთან ერთად, კანდიდატის დასახელების შესაძლებლობასაც ვუზღუდავთ. ამ წესით, პრეზიდენტობის სურვილის მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და არც ამის სურვილი გააჩნია, იძულებულს ვხდით, გაწევრიანდეს პარტიაში.
საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევა, ორპალატიანი პარლამენტის გარეშე, რთული ტერიტორიული მოწყობის არქონა, არსებული საარჩევნო სისტემა, დაბალი პოლიტიკური კულტურა და შიდა პარტიული დემოკრატიის არარსებობა მოგვცემს პარტიულ პრეზიდენტს. ვრჩებით ფორმალური ჩანაწერის იმედად, რომ სახელმწიფო მეთაურმა არ უნდა შეასრულოს პარტიული ვალდებულებები და ეფექტურად განახორციელოს საარბიტრჟო ფუნქცია, ანუ მისი კეთილი ნების იმედი გვაქვს.
ზოგადად, ჩვენი საკონსტიტუციო გამოცდილებისთვის, უცნობია კონსენსუსის ფენომენი. ამიტომ, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე უმრავლესობაში მყოფი ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ახერხებდა და ახერხებს, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებით, ცვალოს კონსტიტუცია. მსგავსი პრობლემის წინაშე ვდგავართ დღესაც, მმართველმა პოლიტიკურმა ელიტამ შეძლო, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მისთვის სასურველი და წინასწარ დაანონსებული ცვლილებების დამტკიცება. თუმცა, კანონმდებლების სურვილს – კონსტიტუციის ტექსტში ასახონ საკუთარი პოლიტიკური კურსი, უპირისპირდება საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც თვლის, რომ ცვლილებების პროცესი უნდა იყოს უფრო ლეგიტიმური და ხელმისაწვდომი, რადგან პროცესის ამდაგვარი განვითარება ხელს შეუწყობს ტრადიციის შექმნას, რომ სახელმწიფოს სადამფუძნებლო დოკუმენტი საზოგადოების კონსენსუსის საფუძველზე იქნას მიღებული.