კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

p

ადამიანის უფლებათა იურისტები – ქსელის პრეზენტაცია

სამშაბათს, 8 ოქტომბერს, 12 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოეწყო „ადამიანის უფლებათა იურისტები“ – ქსელის პრეზენტაცია. ქსელი ჩამოყალიბდა საკონსტიტუციო სასამართლოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის, კონსტიტუციური სამართლის „საზაფხულო სკოლის“ კურსდამთავრებულების მიერ.

აღნიშნულ  ღონისძიებაზე სიტყვით  გამოვიდნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზურაბ ჯავახიშვილი, მისი აღმატებულება აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ევროკავშირის წარმომადგენელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, პირველი კოლეგიის თავმჯდომარე კოტე ვარძელაშვილი, ილიას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი თუმანიშვილი. პრეზენტაციას ასევე, ესწრებოდნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, JILAP-ის წარმომადგნელი სტივენ ოსტენმილერი.

პრეზენტაციის  მოერე ნაწილი დაეთმო ქსელის სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვას. „კონსტიტუციური კვლევების ცენტრის“ წარმომადგენლებმა: გიორგი მელაძემ, კარლო გოდოლაძემ და გიორგი მუმლაძემ „საზაფხულო სკოლის“ კურსდამთავრებულებსა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს ცენტრის სამომავლო გეგმები და ისაუბრეს ქსელის საქმიანობის პრიორიტეტებზე 2013-14 სასწავლო წლის განმავლობაში.

„ადამიანის უფლებათა იურისტების“ ქსელი საერთო ლიბერალური ღირებულებების მქონე ახალგაზრდა იურისტებს დაეხმარება პროფესიული კავშირების შენარჩუნებაში, პროფესიულ განვითარებაში და ხელს შეუწყობს მათ ჩართვას კონსტიტუციური სამართლის რეფორმის პროცესში.