საინფორმაციო/საჯარო ლექცია-დისკუსიათა და ფოკუს ჯგუფების სერია – “ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში”
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრისა და სოციალური კვლევების ლაბორატორიის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, 2018 წლის 28 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით, მიმდინარეობს საინფორმაციო/საჯარო შეხვედრები (საჯარო ლექცია-დისკუსიები და ფოკუს ჯგუფები), თემაზე – “ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში”.
შეხვედრები იმართება საქართველოს 7 ქალაქში, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა მოქმედებს. აღნიშნული კამპანიით შესაძლებლობა ეძლევა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მიიღოს ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე.
ლექცია-დისკუსიათა სერიის დასკვნითი ეტაპი გაიმართება ქ. თბილისში, 6 ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება რევოლუციური ცვლილებაა ქართული კანონმდებლობისთვის. ისტორიას თუ გადავხედავთ, სახალხო მონაწილეობის სხვადასხვა ფორმას აღმოვაჩენთ საქართველოს ისტორიაში. დამოუკიდებლობის მოკლე პერიოდში 1918-21 წლებში ნაფიც მსაჯულთა რეფორმის გატარება მთავრობამ მნიშვნელოვნად მიიჩნია და 1919 წელს შემოიღეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რომელმაც პირველი საქმე უკვე 1920 წელს განიხილა.
ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გააუქმეს და მისი აღდგენა მხოლოდ 2004 წელს გახდა შესაძლებელი – საკონსტიტუციო ცვლილებებისა და შემდგომში სისხლის სამართლის პროცესში შეტანილი ცვლილებების გზით, 2009 წელს. ნაფიც მსაჯულთა მიერ პირველი საქმის განხილვა 2011 წელს მოხდა და ეს წელი უნდა მივიჩნიოთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედების წლად. მსაჯულთა სასამართლო წინ ნელი ნაბიჯებით მიიწევს და პირველი 7 წლის განმავლობაში უკვე 35 საქმე იქნა განხილული თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, გორის, რუსთავისა და თელავის სასამართლოებში, ნაფიც მსაჯულად მონაწილეობის მიზნით მოწვევა დაეგზავნა 5000-მდე ადამიანს.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიზანი მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობის ამაღლება და საზოგადოების ჩართულობის ზრდაა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. 2007 და 2009 წლებში ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჰქონდა ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სისტემის შესახებ და პოზიტიური მოლოდინებიც გააჩნდა, თუმცა ბევრისთვის კვლავაც უცნობი იყო კონკრეტული პროცედურის შესახებ – სამწუხაროდ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ არაა კარგად ინფორმირებული აღნიშნული ინსტიტუტის შესახებ და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციისთვის. სწორედ ამ საინფორმაციო ვაკუუმის შევსებას ისახავდა მიზნად შეხვედრათა ციკლი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.
საინფორმაციო/საჯარო ლექცია-დისკუსიათა და ფოკუს ჯგუფების სერია უკვე გაიმართა საქართველოს შემდეგ ქალაქებში:
ბათუმში: შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
ზუგდიდში: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში;
ქუთაისში: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
გორში: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში;
რუსთავში: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში;
თელავში: დემოკრატიის სკოლის ოფისში;
კამპანიის დასკვნითი ეტაპი (საჯარო ლექცია) გაიმართება თბილისში:
თარიღი: 6 ივნისი, ოთხშაბათი
დრო: 13:00 სთ.
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A 101 აუდიტორია, მის.: ჭავჭავაძის გამზ. #32
მომხსენებელი: გიორგი მელაძე – კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი, სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, პროექტის მკვლევარი.
დასწრება თავისუფალია, გელით.