პროექტის ფარგლებში გამართული საინფორმაციო/საჯარო ლექცია-დისკუსიათა და ფოკუს ჯგუფების სერია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრისა და სოციალური კვლევების ლაბორატორიის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის („ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში – პირველი ნაბიჯები და პირველი გამოწვევები“) ფარგლებში, 2018 წლის 28 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით, მიმდინარეობდა საინფორმაციო/საჯარო შეხვედრები (საჯარო ლექცია-დისკუსიები და ფოკუს ჯგუფები), თემაზე – “ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში”, რომლებსაც უძღვებოდნენ პროექტის მკვლევარები: ანა ჟვანია, გიორგი მელაძე და გიორგი მუმლაძე.
შეხვედრები გაიმართა საქართველოს 7 ქალაქში, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა მოქმედებს. აღნიშნული კამპანიით შესაძლებლობა მიეცა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მიეღო ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე.
ბათუმი: 28 მაისი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ზუგდიდი: 29 მაისი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
ქუთაისი: 30 მაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გორი: 1-ლი ივნისი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
რუსთავი: 4 ივნისი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
თელავი: 5 ივნისი, დემოკრატიის სკოლის ოფისი
თბილისი: 6 ივნისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება რევოლუციური ცვლილებაა ქართული კანონმდებლობისთვის. ისტორიას თუ გადავხედავთ, სახალხო მონაწილეობის სხვადასხვა ფორმას აღმოვაჩენთ საქართველოს ისტორიაში. დამოუკიდებლობის მოკლე პერიოდში 1918-21 წლებში ნაფიც მსაჯულთა რეფორმის გატარება მთავრობამ მნიშვნელოვნად მიიჩნია და 1919 წელს შემოიღეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რომელმაც პირველი საქმე უკვე 1920 წელს განიხილა.
ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გააუქმეს და მისი აღდგენა მხოლოდ 2004 წელს გახდა შესაძლებელი – საკონსტიტუციო ცვლილებებისა და შემდგომში სისხლის სამართლის პროცესში შეტანილი ცვლილებების გზით, 2009 წელს. ნაფიც მსაჯულთა მიერ პირველი საქმის განხილვა 2011 წელს მოხდა და ეს წელი უნდა მივიჩნიოთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედების წლად. მსაჯულთა სასამართლო წინ ნელი ნაბიჯებით მიიწევს და პირველი 7 წლის განმავლობაში უკვე 35 საქმე იქნა განხილული თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, გორის, რუსთავისა და თელავის სასამართლოებში, ნაფიც მსაჯულად მონაწილეობის მიზნით მოწვევა დაეგზავნა 5000-მდე ადამიანს.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიზანი მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობის ამაღლება და საზოგადოების ჩართულობის ზრდაა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. 2007 და 2009 წლებში ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჰქონდა ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სისტემის შესახებ და პოზიტიური მოლოდინებიც გააჩნდა, თუმცა ბევრისთვის კვლავაც უცნობი იყო კონკრეტული პროცედურის შესახებ – სამწუხაროდ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ არაა კარგად ინფორმირებული აღნიშნული ინსტიტუტის შესახებ და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციისთვის. სწორედ ამ საინფორმაციო ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად შეხვედრათა ციკლი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.