საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე ზეწოლა დანაშაულია!
განცხადება
საკონსტიტუციო სასამართლოში, თბილისის ყოფილი მერის – გიორგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ (16 სექტემბერი 2015 წ.) ადგილი ჰქონდა ორგანიზებული ჯგუფების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე და მათ ოჯახის წევრებზე ზეწოლის და დაშინების ფაქტებს. (იხ. დანართი)
კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფები იკრიბებიან საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის წინ, მოსამართლეების საცხოვრებელ სახლებთან, ახდენენ მის ბლოკირებას, ისმოდა პირადი ანგარიშსწორების, მუქარის ტიპის შეძახილები და ა.შ.
შეკრებები გრძელდება ამ დრომდე.
ხაზგასასმელია, რომ აქციებს ორგანიზებას უწევენ მუნიციპალური მოხელეები.
საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეული წევრების მიმართ მუქარა დასჯადია საქართველოს კანონმდებლობის თანახმად. კერძოდ:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლი:
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარა სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლი:
შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების
სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება –
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
მსგავსი ტიპის რეგულირებები საქართველოს კანონმდებლობაში, სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ხელი არ შეეშალოს სასამართლოს ფუნქციონირებას და მართლმსაჯულების სრულფასოვნად განხორციელებას.
სამწუხაროდ აღმასრულებელი ხელისუფლება უმოქმედოა, ვინაიდან არცერთი ზეწოლის ფაქტი არ გამხდარა სათანადო გამოძიების საფუძველი.
მოვუწოდებთ აღმასრულებელ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დაიწყოს ზეწოლის ფაქტების გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, ვინც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე უკანონო ზეწოლას ახორციელებდა.
დანართი:
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/345963-bathumshi-giorgi-papuashvilis-sakhlthan-aqcia-gaimartha.html?ar=A
http://www.tabula.ge/ge/story/99680-papuashvilis-saxltan-ukanono-aqcias-municipaluri-moxele-xelmdzghvanelobda
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/345722-giorgi-papuashvilis-sackhovrebel-sakhls-kverckhebi-da-pomidvrebi-daushines.html?ar=A
http://1tv.ge/ge/news/view/107349.html
http://radiomaestro.ge/?menuid=2&id=16798&lang=1
http://1tv.ge/ge/news/view/107449.html