ახალი საკონსტიტუციო ცვლილებით პოლიტიკური პლურალიზმი საფრთხეშია
2015 წლის 9 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის 81-მა წევრმა მოახდინა საქართველოს კონსტიტუციური კანონის – „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ინიცირება. (იხილეთ: საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი) განმარტებითი ბარათის თანახმად: „კანონპროექტის მიზანია, კონსტიტუციით დადგენილი საარჩევნო სისტემის ადაპტირება ქვეყნის პოლიტიკური სისტემის განვითარების დინამიკასთან. აღნიშნული მიზნით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს პარლამენტის არჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით.“
კონსტიტუციური ცვლილების პროექტი შეეხო 49-ე მუხლის 1-ლ პუნქტს და 50-ე მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებს. პროექტის თანახმად, პარლამენტის მიერ მისის დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებები ძალაში შევა 2016 წლის არჩევნების შედეგის დადგომის შემდეგ.
ცვლილებების თანახმად:
- გაუქმდა მაჟორიტარული არჩევნების პრინციპი – მუხლი 49.1, 50.1
- შემცირდა საერთო-ეროვნული ბარიერი 5%-დან 4%-მდე – მუხლი 50.2
- გაუქმდა საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის აუცილებელი მანდატების შევსების წესი – მუხლი 50.2
არჩევნებისთვის არსებითი საკითხები, როგორიცაა პარტიული სიების ღიაობის საკითხი და ხმების დათვლის სისტემა – აღნიშნული რეფორმით არ არის გათვალისწინებული მაშინ, როდესაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, ხარვეზებზე მითითებისას, ამ პუნქტებს ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდნენ.
არსებული სახით, კანონპროექტი უფრო მეტ კითხვებს აჩენს, ვიდრე სტაბილურობის განცდას, რაც კონსტიტუციური რეფორმისთვის აუცილებელი წინაპირობა უნდა იყოს.
კერძოდ:
– ბლანკეტურია არჩევნების, როგორც ინსტიტუციის საკონსტიტუციო გარანტიები და იქმნება საფრთხე, რომ ინიცირებული საკონსტიტუციო რეგულაციით, თვისობრივად შეიზღუდოს საარჩევნო პლურალიზმი და კონკრეტულად, პარტიული ლანდშაფტის დივერსიფიცირების შესაძლებლობა.
– კანონმდებელს რჩება ძალიან ფართო დისკრეცია – საკუთარი მიხედულების ფარგლებში, ჩამოაყალიბოს საარჩევნო სისტემის ძირითადი კონსტრუქცია. გაურკვეველია საპარლამენტო ფრაქციების ფორმირების საკითხი.
დაინტერესების შემთხვევაში, დაუკავშირდით ცენტრის კოორდინატორს:
ნინო ჭელიძე – nino.chelidze.1@iliauni.edu.ge, 598-60-64-88