კონფერენცია – „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში“
1-ლ მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრისა და სოციალური კვლევების ლაბორატორიის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია, თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში“.
კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2017 წელს ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსზე დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.
კონფერენციაზე პროექტის გუნდმა გამართა პროექტის პრეზენტაცია, მიმოიხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში და საერთაშორისო გამოცდილება, ასევე ამ ეტაპისთვის განხორციელებული კვლევის წინასწარი შედეგები ჩაღრმავებული ინტერვიუებისა და მედიამონიტორინგის შესახებ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა ასევე განხილულ იქნა საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლის მხრიდანაც.
კონფერენციის მომხსენებლები:
- ნიკოლაი კოვალევი – კანადის ვილფრედ ლორიელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პროექტის ხელმძღვანელი; მოხსენება თემაზე: „საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვა და ქართული მოდელის თავისებურებები“;
- გიორგი მელაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი, პროექტის მკვლევარი; მოხსენება თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში, ისტორია და თანამედროვე გამოწვევები“;
- ზაზა დათუკიშვილი – საქართველოს მთავარი პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს პროკურორი; მოხსენება თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში“ (რეფორმა პროკურატურის თვალით);
- ანა ჟვანია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური კვლევების ლაბორატორიის დირექტორი, პროექტის მკვლევარი; მოხსენება კვლევის წინასწარ შედეგებზე: „ნაფიც მსაჯულთა შესახებ საზოგადოების ინფორმირებულ წარმომადგენლებთან ჩატარებული ჩაღრმავებული ინტერვიუების შედეგები, საქართველოს 7 ქალაქში“;
- გიორგი მუმლაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი, პროექტის მკვლევარი; მოხსენება კვლევის წინასწარ შედეგებზე: „მედიამონიტორინგი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ 2010 წლიდან ბეჭდურ მედიაში არსებულ ინფორმაციაზე“.
პროექტი 3-წლიანია და აღნიშნული კონფერენცია პირველია მის ფარგლებში. პროექტის მიზანია, ნაფიც მსაჯულთა სისტემის რეფორმის თანმიმდევრული კვლევა, ამ თემაზე აკადემიური დებატის ინიცირება და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.