საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – სამეურვეო საბჭოს წევრები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (# 569)
2014 წლის 11 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების – დავით კანდელაკის, ნატალია დვალის, ზურაბ დავითაშვილის, ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძის და მამუკა ფაჩუაშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N569) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
მოსარჩელეები, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრები სადავოდ ხდიდნენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის იმ ნორმის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
სადავო კანონით დადგენილი წესის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი საბჭოს უფლებამოსილება უნდა შეწყვეტილიყო ახალარჩეული საბჭოსუფლებამოსილების ცნობის შედეგად. გარდა ამისა „მაუწყებლობის შესახებ“კანონში შეტანილი ცვლილებებით ახლებურად ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირების წესი.
მოპასუხემ, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა განმარტა,რომ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის მიზანია სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლობითობის, მისი ეფექტიანობის და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვას და გამჭვირვალობას. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ სამეურვეო საბჭოს არჩევის ძველი წესი, თავისთავად, არ იყო კონსტიტუციის შეუსაბამო, თუმცა, მიუხედავად ამისა, აუცილებლად მიაჩნია სამეურვეო საბჭოსმოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. მოპასუხის განმარტებით, შეუძლებელია ახალი წესით არჩეული წევრებისა და მოქმედი წევრების შერწყმა განახლებულ სამეურვეო საბჭოში.
საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, მისიმმართველობითი რგოლის რეფორმირება, მათ შორის, სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესში საზოგადოების ფართო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, საქართველოს პარლამენტის არა მხოლოდ უფლებამოსილებაა, არამედ, რიგ შემთხვევებში, შეიძლება მისი ვალდებულებაც კი იყოს. თუმცა აუცილებელია ეს პროცესი წარიმართოს ისე, რომ გაუმართლებლად არ შეიზღუდოს პირთა კონსტიტუციური უფლებები. საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი , რომ სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლობითობის გაუმჯობესება შეუძლებელი იყო მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის გარეშე.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, მისი საქმიანობის სპეციფიკურობისა და მაუწყებლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პროცესში მისი განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, სარგებლობს დაცვის შესაბამისი კონსტიტუციური გარანტიებით. დამოუკიდებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არსის განმსაზღვრელი ელემენტია. შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, გარდაუვალი აუცილებლობისას, მაგალითად, მაშინ, როდესაც მოქმედი სამეურვეო საბჭოს არსებობა, იმთავითვე საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლობის დამოუკიდებელ, ეფექტურ საქმიანობასა და მის შემდგომ განვითარებას. ამგვარ საჭიროებაზე მოპასუხეს არ მიუთითებია.
მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციის განმხორციელებელი ორგანოს რეფორმირება ყოველთვის ვერ გახდება საჯარო მოსამსახურის უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის საფუძველი. ეს ასე რომ იყოს, სახელმწიფო სამსახურის გაუმჯობესების, თუნდაც საკვალიფიკაციო მოთხოვნების გაზრდის მოტივით, შესაძლებელი გახდებოდა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მატარებელი ნებისმიერი თანამდებობის პირის (მოსამართლის, სახალხო დამცველის, მარეგულირებელი ორგანოს წევრის და სხვა) უფლებამოსილების ვადის შეწყვეტა, ამასთან, ამან შეიძლება მიიღოს პერმანენტული, შეუქცევადი ხასიათი, რაც არა მხოლოდ თანამდებობაზე გარკვეული ვადით პირთა განწესებას დაუკარგავს აზრს, არამედ ეჭვქვეშ დააყენებს ამ ორგანოთა ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი, თუნდაც უფრო პლურალისტული და ეფექტური წესი, იმთავითვე არ წარმოშობს სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაუდებელ აუცილებლობას. ეს მიზანისამეურვეო საბჭოს წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გარეშეც მიიღწევა. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არათანაზომიერად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებულ მოსარჩელეთა უფლებას და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.
იხ.: http://constcourt.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=6&info_id=1349