საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავი
“ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.” (საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა, 1995.)
1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მეორე, მოქმედი კონსტიტუცია დაამტკიცა. საქართვეოს კონსტიტუცია საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. განვლილი 20 წლის განმავლობაში, კონსტიტუცია ორჯერ შეიცვალა მნიშვნელოვნად – 2004 და 2010 წლებში და რამდენიმე ათეული მცირე შეწორებით შეივსო. საკონსტიტუციო რეფორმის კომისია დღესაც შეკრებილია და მუშაობს კონსტიტუცის განახლების პროექტზე.
მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რეფორმის ავტორებს შევახსენოთ რამდენიმე ფუნდამენტური ღირებულება, რომელიც კონსტიტუციონალიზმის შემოქმედებმა აშშ-ს კონსტიტუციის, პირველი კონსტიტუციის წერისას აქციეს გზამკვლევ პრინციპებად:
„ . . . სავსებით შესაძლებელია, რომ კაცობრიობა კვლავაც მონარქის ფერხთა ქვეშ ყოფილიყო განრთხმული, მას რომ არ გამოეგონებინა კონსტიტუციის ისეთი ნაირსახეობა, რომელიც ერთმანეთთან ორგანულად კრავს რესპუბლიკური მმართველობის შიდასახელმწიფოებრივ სარგებლიანობასა და მონარქიული ხელისუფლების საგარეო ძლიერებას.“
მე-9 წერილი/ჰამილტონი – 1787 წ. 21 ნოემბერი 1787.
„ . . . შეუძლებელია, წინასწარ განჭვრიტო, თუ რა ხარისხის და რამდენად მრავალფეროვან მოთხოვნებს წამოგვიყენებს ეროვნული თავდაცვა; ასევე შეუძლებელია, წინასწარ გამოიცნო ის, თუ რა ხარისხის და რამდენად მრავალფეროვანი საშუალებები იქნება საჭირო საპასუხო ღონისძიებათა გასატარებლად. საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ქვეყნები დგას, თვლა არ აქვს, ამიტომ არ იქნებოდა გონივრული, კონსტიტუციური შეზღუდვები დაგვეწესებინა იმ ძალაუფლებისათვის, რომელიც სწორედ იმისთვის არის მოწოდებული, რომ ამ საფრთხეთა გაუვნებელყოფობაზე იზრუნოს. ეს ძალაუფლება მზად უნდა იყოს სახიფათო გარემოებათა ნებისმიერი კომბინაციისთვის და იმავე საბჭოებს უნდა ემორჩილებოდეს, რომლებიც სწორედ ერთობლივი თავდაცვის ხელმძღვანელობის მიზნით დაინიშნენ.“
23-ე წერილი/ჰამილტონი – 1787 წ. 18 დეკემბერი.
„ . . . ბრძენი პოლიტიკოსები მუდამ ცდილობენ, რომ მთავრობას თავს არ მოახვიონ ისეთი შეზღუდვები, რომელთა განხორციელება შეუძლებელი გახდება. რამეთუ მათ უწყიან, რომ ძირითადი კანონების დარღვევა, თუნდაც აუცილებლობის ზეწოლით, შებღალავს იმ წმიდა მოწიწებას, რითაც მმართველები თავიანთი ქვეყნების კონსტიტუციათა მიმართ უნდა იყვნენ გამსჭვალულნი. გარდა ამისა, ამან, შესაძლოა, სხვა ისეთ დარღვევებს მისცეს ბიძგი, რომლებიც აუცილებლობით სულაც არ არიან ნაკარნახევნი, ანდა ის, რასაც დარღვევის გასამართლებლად იმიზეზებენ, არც ისე შესასაშურია და თვალშისაცემი.“
25-ე წერილი/ჰამილტონი – 1787წ. 21 დეკემბერი.
„ . . . ფული მართებულად არის მიჩნეული პოლიტიკური ორგანიზმის მამოძრავებელ ძალად, რომელიც მას სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებს და შესაძლებლობას აძლევს, თავისი ყველაზე არსებითი ფუნქციები შეასრულოს. ამიტომ ადეკვატური ფინანსური უზრუნველყოფა, რამდენადაც ამის საშუალებას საზოგადოების რესურსები იძლევა – ყოველი კონსტიტუციის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს.“
30-ე წერილი/ჰამილტონი – 1787 წ. 28 დეკემბერი.
საქართველოს კონსტიტუციის დამფუძნებელი ღირებულებები, სუვერენიტეტი, ადამიანის უფლებები, ხელისუფლების დანაწილება – საქართველოს სახელმწიფოს გაძლიერებას ემსახურება.
გილოცავთ კონსტიტუციის 20 წლისთავს და იმედს ვიტოვებთ, რომ ნებისმიერი რეფორმა ამ ღირებულებების განმტკიცებისკენ იქნება მიმართული.