ერთობლივი განცხადება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ
ფონდმა “ღია საზოგადოება- საქართველომ”, 16 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გააცნო იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შესახებ. პროექტი ეხება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ დებულებებს. კანონპროექტი ჯერ არის წარდგენილი პარლამენტისთვის.
კანონპროექტით გათვალისწინებულია:
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის განახლებული წესი;
ნაფიც მსაჯულთა მიერ ვერდიქტის მიღების განახლებული წესი;
დანაშაულების ჩამონათვალი, რომელზეც გავრცელდება ნაფიც მსაჯულთა პროცესი;
დაზუსტებულია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ტერიტორიული იურისდიქცია;
უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ, რომ დადებითად მიგვაჩნია, კანონპროექტში წარმოდგენილი ცვლილება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის წესის შესახებ, რომლის თანახმადაც მსაჯულობის კანდიდატთა სია 100 მოქალაქედან გაიზარდა 300-მდე. ასევე, დადებითად ვაფასებთ, მსაჯულების შერჩევის კითხვარის გადაგზავნის ვადების განსაზღვრას.
თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ მსაჯულების სწრაფად შერჩევა საჭიროებს დამატებით ცვლილებებს. ამჟამად, შერჩევის პროცესი გრძელდება რამდენიმე თვე, რაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ეფექტურ ფუნციონირებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი იქნება განმხილველი მოსამართლის როლის გაძლიერება და პროცედურების გამარტივება.
ასევე, ავღნიშნავთ, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი შეიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს, რომელიც ხელს შეუშლის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრულფასოვნად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, ისე რომ არ დაირღვეს მართლმსაჯულების პრინციპები.
კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლში განსაზღვრულია ის დანაშაულები (სულ 28 მუხლი), რომელზეც შეუძლია მსჯელობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს (განზრახ მკვლელობა, ძალადობა დამამძიმებელი გარემოებებით, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, რასობრივი დისკრიმინაცია და ა.შ.) გაურკვეველია, რატომ განისაზღვრა კონკრეტულად ეს მუხლები და რატომ არ არის მასთან ერთად ის დანაშაულები, რომელიც წარმოდგენილი მუხლების იდენტურ თავისუფლების აღკვეთის ვადებს ითვალისწინებს.
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ნაფიცი მსაჯულების მიერ ვერდიქტის გამოტანის პროცესი. კანონპროექტის მიხედვით, ნაფიც მსაჯულებმა წარდგენილ ბრალდებებზე ვერდიქტის გამოტანისას უნდა იხელმძღვანელონ არა მარტივი ვერდიქტით( დამნაშავეა/არ არის დამნაშავე), არამედ 6 პუნქტიანი კითხვარით, რომელიც მოიცავს: ქმედების ობიექტური შემადგენლობის ელემენტების, მართლწინააღმდეგოობის, ბრალეულობის, შემამსუბუქებელი/დამამძიმებელი გარემოებების, განზრახვისა და გაუფრთხილებლობის საკითხების განსაზღვრას.
გამომდინარე იქედან, რომ კითხვარში წარმოდგენილი საკითხების განსაზღვრას სპეციალური პროფესიული ცოდნა ესაჭიროება – მიგვაჩნია, რომ ნაფიც მსაჯულებისთვის ვერდიქტის გამოტანა ამ პრინციპით არის მიუღებელი. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ვერდიქტის გამოტანისას უნდა მსჯელობდეს ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე, რაც საფუძვლად დაედება მათ ვერდიქტს. წარმოდგენილი ცვლილებები ქმნის ისეთ პროცესს, რომელშიც ნაფიც მსაჯულებს ძალიან გაუჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება მათთვის ძალიან რთულად გასაგები კითხვარის გამო. თუ ნაფიც მსაჯულები გადაწყვეტენ პირის ბრალეულობის ან უდანაშაულობის საკითხს, ისე რომ შეფასების სისტემა არ ექნებათ გაგებული, წარიმართება მართლმსაჯულების განხორციელებისთვის არაჯეროვანი პროცესი.
გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ვერდიქტი გამამართლებლად ჩაითვლება თუ 6 პუნქტიანი კითხვარის ერთ კითხვაზე მაინც უარყოფითი პასუხია გაცემული. იმის გათვალისწინებით, რომ კითხვარი გაურკვეველია მოქალაქისთვის, რომელიც არ იცნობს ჩამოთვლილ საკითხებს პროფესიულად, თავისთავად გართულდება ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად გადაწყვეტილების მიღება. ეს კი, შესაძლებელს ხდის, ბრალდებული პირის მხოლოდ იმიტომ გამართლებას, რომ გაურკვევლობა შექმნა ვერდიქტის ფორმის ტერმინოლოგიურმა მხარემ და არა შინაარსობრივმა – პირის დამნაშავეობის ან უდანაშაულობის საკითხმა.
ბუნდოვანია სსსკ 263-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის მიერ ნაფიც მსაჯულთა დაბრუნებას სათათბირო ოთახში, თუ ვერდიქტის ფორმა არ არის დაცული. გაურკვეველია, რა ტიპის ფორმის დაუცველობაზეა საუბარი, როდესაც ვერდიქტის ფორმა წინასწარ არის დარიგებული მათთვის და მხოლოდ შემოთავაზებულ საკითხებზე დადებითი ან უარყოფითი პასუხის მონიშვნაა საჭირო.
ასევე, ბუნდოვანებას ბადებს ნაფიც მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის გასაჩივრების პროცესი. ცვლილებებით შემოთავაზებული სსსკ 266-ე მუხლის თანახმად, დაცვის მხარეს შეუძლია გაასაჩივროს განაჩენი, თუ ვერდიქტი ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას. -არც კანონპროექტი და არც მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის დებულებები არ ითვალისწინებს ნაფიცი მსაჯულების მიერ ვერდიქტის გამოტანისას, იმის განმარტებას, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნენ. შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილება ამ მოტივით.
საყურადღებოა სსსკ 30-ე მუხლში წარმოდგენილი ცვლილებებიც. კანონპროექტის მიხედვით, შესაძლებელი ხდება იურისტისთვის, პოლიციელისთვის, გამომძიებლისთვის, ფსიქიატრისთვის, ფსიქოლოგისთვის სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად. მიგვაჩნია, რომ ნაფიცი მსაჯულობის გამომრიცხავი პროფესიული საფუძვლების გაუქმება უარყოფითად აისახება ამ ინსტიტუტის ეფექტურობასა და ლეგიტიმურობაზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კონსტიტუციური კვლევებისა ცენტრი; მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი გამოხატავენ მზადყოფნას დეტალურად წარმოადგინონ კანონპროექტის ანალიზი ხელისუფლების ან/და სხვა მხარეების დაინტერესების შემთხვევაში.
ფოტო: www.msajuli.ge