კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

დირექტორის წერილი (ჩვენი საქმიანობის მოკლე მიმოხილვა)

გიორგი მელაძე

ძვირფასო მეგობრებო,

ტრადიციულად, წარმოგიდგენთ კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ყოველწლიურ ანგარიშს.

ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო 2017 წელი, რადგან საქართველოს პარლამენტმა დაასრულა კონსტიტუციის ახალ ტექსტზე მუშაობა და ფუნდამენტურად შეცვალა სახელმწიფოს ძირითადი კანონის მნიშვნელოვანი ნაწილები. ცენტრი ყურადღებით ადევნებდა თვალს რეფორმის პროცესს და არაერთხელ დააფიქსირა საჯაროდ საკუთარი პოზიცია სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა ორგანიზაციებთან ერთად.

ჩვენ წელსაც გავაგრძელეთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართულებით მუშაობა, მოვიპოვეთ მცირე გრანტი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ, რომელიც დაგვეხმარა, საგანამანათლებლო კამპანია ჩაგვეტარებინა მთელ საქართველოში. აქვე, განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ იმ სტუდენტების წვლილი, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა პროექტის (“ნაფიც მსაჯულთა საინფორმაციო ქსელი”) განხორციელება. სამართლის სკოლის სტუდენტების ენთუზიაზმისა და უდიდესი ენერგიის შედეგია, რომ წარმატებით ჩავატარეთ პროექტით გათვალისწინებული აქტივობები და შევქმენით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გულშემატკივართა ჯგუფები ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, რუსთავში, თელავსა და თბილისში.

წელს ჩვენს საქმიანობას შეემატა მთარგმნელობითი მიმართულება და ცენტრმა პირველად მოიპოვა მთარგმნელობითი გრანტი, რომლის ფარგლებშიც მომავალ წელს დასრულდება და გამოიცემა ცნობილი ამერიკელი ავტორების – ნილ ვიდმარისა და ვალერი ჰანსის წიგნი: “ამერიკელი მსაჯულები – ვერდიქტი”.  ვულოცავთ ამ წარმატებას კონსტიტუციური კვლევების ცენტრსა და სამართლის სკოლის სტუდენტებს. მალე ჩვენს ბიბლიოთეკას კიდევ ერთი მდიდარი გამოცემა შეემატება.

ასევე, 2017 წლის მიწურულს, 2017 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსზე, მოვიპოვეთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმის კვლევისა და საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით. პროექტი – „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში – პირველი ნაბიჯები და პირველი გამოწვევები“ ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა სისტემის რეფორმის მიმდინარეობის სიღრმისეულ კვლევას, აღნიშნული თემატიკის აკადემიური დისკურსის ინიცირებასა და ზოგადად, ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირებას, აღნიშნული ინსტიტუტის მეშვეობით მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებას.

დაწვრილებით ანგარიშში აღვწერთ ჩვენი აქტივობების შესახებ, აქ კი გვინდა მადლობა გადავუხადოთ სამართლის სკოლის თანამშრომლებსა და დეკანს, რომელთა დახმარების გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი პროგრამების ეფექტურად განხორციელება და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სამართლის სკოლის სტუდენტების შრომა, რაც უდიდეს ენერგიას გვაძლევს და ახალი პროგრამების შექმნაშიც გვეხმარება.

იხილეთ:  კონსტიტუციური კვლევების ცენტრის წლიური ანგარიში – 2017

პატივისცემით, გიორგი მელაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი

      სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი